უძველესი პალეოგენომები საქართველოდან

May 8, 2016
103317

2015 წლის 16 ნოემბერს, ჟურნალში “Nature” გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „Upper Palaeolithic genomes reveal deep roots of modern Eurasians“. კვლევის ავტორებმა პირველად მოახდინეს კავკასიის უძველესი გენომების ანალიზი. საუბარია ~13 000 წლის წინანდელ მონადირე-შემგროვებელზე საწურბლიას მღვიმედან (წყალტუბოს რ-ნი) და ~9 500 წლის წინანდელ მონადირე-შემგროვებელზე კოტიას კლდის მღვიმედან (ჭიათურის რ-ნი). კვლევაში აგრეთვე განხილულია მესამე პალეოგენომი – ~13 500 წლის წინანდელი ადამიანი გროტ დუ ბიშონის მღვიმიდან (თანამედროვე შვეიცარია).

სტატიის შესავალში ავტორები მიმოიხილავენ იმ პერიოდისთვის ცნობილ სურათს ევრაზიის პალეო-დნმ ანალიზების შედეგად. კერძოდ, ისინი აღნიშნავენ, რომ აქამდე ცნობილი იყო სამი წინაპრული პოპულაცია/კომპონენტი, რომლებმაც თანამედროვე ევროპელების გენეტიკაზე იქონიეს ზეგავლენა. ესენი არიან 1) „დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები“ (WHG) რომლებსაც მეზოლითის პერიოდიში ევროპის ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული პოპულაციები მიეკუთვნებოდნენ, 2) „ადრეული მიწათმოქმედები“ (EF), რომლებიც ნეოლითის პერიოდში ახლო აღმოსავლეთიდან (ლევანტიდან) გავრცელდნენ ევროპაში, თითქმის მთლიანად ჩაანაცვლეს სამხრეთ ევროპის მოსახლეობა და შეერივნენ უფრო ჩრდილოეთით მყოფ პოპულაციებს და 3) გვიანდელი პოპულაცია, რომელიც სათავეს ადრეული ბრინჯაოს ხანის იამნაიას არქეოლოგიურ კულტურაში იღებს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის სტეპებიდან და რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. იამნაიას კულტურის წარმომადგენლები ნაწილობრივ ძველი ჩრდილოეთ ევროპელების (ANE) შთამომავლები იყვნენ, თუმცა, მათ გენომებში მეორე, აქამდე ამოუცნობი გენეტიკური წყაროს არსებობა ფიქსირდებოდა.

ავტორები აღნიშნავენ, რომ კავკასიელი მომთაბარე-შემგროვებლები (CHG) გენეტიკურად განსხვავდებიან ყველა დანარჩენი მეზოლითური და ნეოლითური პალეოგენომებისგან და ქმნიან საკუთარ კლასტერს, რომელიც თანამედროვე კავკასიელებსა და ცენტრალურ აზიელებს შორის მდებარეობს.

ncomms9912-f1
კავკასიისა და ლევანტის გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ავტორებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, ხომ არ ენათესავებიან CHG ადრეულ ნეოლითურ მიწათმოქმედებს ახლო აღმოსავლეთიდან. გამოთვლების თანახმად, CHG და EF ერთად დაჯგუფდნენ. საერთო წინაპრული პოპულაციის WHG და CHG+EF წინაპრულ ჯგუფად დაყოფა დაახლოებით 40-50 ათასი წლის წინ მოხდა, ხოლო CHG და EF განცალკევება დაახლოებით 20-30 ათასი წლის წინ მოხდა.

ncomms9912-f2

აქვე, ავტორები აღნიშნავენ, რომ WHG-სგან განსხვავებით და EF-ის მსგავსად, CHG-ს გააჩნდათ მუტაცია SLC24A5 გენში, რომელიც განაპირობებს ღია ფერის კანს. შესაბამისად, ღია ფერის კანი, რომელიც ფართოდ გავრცელდა ევრაზიის ტერიტორიაზე ნეოლითის პერიოდში, სავარაუდოდ უკანასკნელ ყინულოვან მაქსიმუმამდე გაჩნდა (20-30 ათასი წლის წინ).

სტატიაში საუბარია აგრეთვე 24 000 წლის წინანდელი ადამიანის გენომზე მალ’ტადან (ციმბირი), რომლის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ANE კომპონენტის გამოყოფა, რომლის ევროპაში გავრცელება დაახლოებით 4 500 წლის წინ სტეპების მომთაბარეების მიგრაციების დროს უნდა მომხდარიყო. კვლევის თანახმად, CHG არ წარმოადგენს ANE-ს განშტოებას და ევროპელებში არსებული ANE კომპონენტი არ უკავშირდება CHG-ს.

CHG-ს გენომები ჰომოზიგოტურობაზეც შეამოწმეს, რაც წარსულში პოპულაციის რიცხოვნობის შესახებ იძლევა ინფორმაციას. კავკასიელებში ჰომოზიგოტურობის მაღალი სიხშირე აღმოჩნდა, ხოლო საწურბლიას მღვიმის ადამიანს გენომში სისხლის აღრევის ნიშნებიც კი დაფიქსირდა, რაც უკანასკნელი ყინულოვანი მაქსიმუმის პერიოდში პოპულაციის სიმცირის მიმანიშნებელია.

კვლევის ავტორებმა პალეოგენომების თანამედროვე პოპულაციებთან ნათესაობა გამოიკვლიეს. როგორც აღმოჩნდა, CHG ყველაზე მეტ სიახლოვეს სამხრეთ კავკასიის თანამედროვე პოპულაციებთან იჩენენ, რაც რეგიონში როგორც მინიმუმ გვიანდელი ზედა პალეოლითიდან (13 000 წლის წინ) გენეტიკური უწყვეტობის დასტურია. ამაზე CHG წარმომადგენლების Y და მიტოქოდნრიული დნმ ჰაპლოჯგუფებიც მიანიშნებენ, რომლებიც დღესაც გავრცელებულია საქართველოში (J2a, H13c, K3).

ncomms9912-f4

ავტორების გასაკვირად, CHG გენეტიკური კვალი უფრო მეტად გამოხატული აღმოჩნდა თანამედროვე ჩრდილოეთ ევროპელებში, ვიდრე სამხრეთ ევროპელებში, იმის მიუხედავად, რომ იგი EF-თან (რომელიც მეტ სიახლოვეს იჩენს სამხრეთ ევროპის პოპულაციებთან) უფრო ახლოს არის, ვიდრე WHG-სთან (რომელიც ახლოს არის ჩრდილოეთ ევროპელებთან). ავტორები აღნიშნულ ფაქტს დასავლეთ ევროპაში CHG-ს კომპონენტის ადრეული ნეოლითის შემდგომი გავრცელებით ხსნიან.

CHG-ს გენეტკური მონაცემების სხვა პალეოგენომებთან შედარების შედეგად, კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ CHG-მ, ან მისმა მონათესავე პოპულაციამ მონაწილეობა მიიღო იამნაიას კულტურის გენეტიკური წარმომავლობის ჩამოყალიბებაში. აღნიშნულ კულტურას უკავშირებენ მეტალურგიის, ცხენოსნობის და, სავარაუდოდ, ინდოევროპული ენების გავრცელებას ძვ. წ. III ათასწლეულში როგორც დასავლეთით, ევროპაში, ასევე აღმოსავლეთით ცენტრალურ აზიაში. კვლევის თანახმად, იამნაიას წარომამდგენლების გენეტიკა ყველაზე უკეთ აიხსნება როგორც CHG-სა და აღმოსავლეთ ევროპის მომთაბარე-მონადირეების ნარევი.

ცნობილია, რომ ადრეული ბრინჯაოს ხანის პერიოდში კავკასია სტეპთან კონტაქტობდა, განსაკუთრებით – მაიკოპის კულტურის მეშვეობით, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულის პირველ ნახევარში გაჩნდა. კვლევის ავტორების აზრით, სწორედ მაიკოპის კულტურის წარმომადგენლებმა გადასცეს CHG კომპონენტი სტეპის ხალხებს, რომლებმაც იგი შემდგომ ევრაზიაში გაავრცელეს.

800px-Maykop_culture-en.svg

სტატიის ბოლოს, ავტორები აღნიშნავენ, რომ CHG გავრცელებულია არამხოლოდ ევროპაში, არამედ აღმოსავლეთშიც. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ CHG გენეტიკური კომპონენტი ცენტრალურ და სამხრეთ აზიის პოპულაციებშიც არის მნიშვნელოვნად წარმოდგენილი და რომ ბევრი მათგანის წარმომავლობა შეიძლება წარმოდგენილ იქნას როგორც CHG-სა და სამხრეთ აზიური პოპულაციის ნაზავი. ადრეული კვლევების თანახმად, თანამედროვე ინდოელები წარმოადგენენ გენეტიკურად ორი წინაპრული კომპონენტის – დასავლეთ ევრაზიელებთან მონათესავე წინაპრული ჩრდილოეთ ინდური კომპონენტის და ონგეს ხალხთან მონათესავე წინაპრული სამხრეთ ინდური კომპონენტის შერწყმის შედეგს. კვლევის თანახმად, კოტიას კლდის მღვიმის ადამიანი საუკეთესო სუროგატად გამოდის წინაპრული ჩრდილოეთ ინდური კომპონენტისთვის. აღნიშნული კომპონენტის ინდოეთში გამოჩენა დაახლოებით ძვ.წ. 1900-4200 წლებში უნდა მომხდარიყო და სავარაუდოდ რეგიონში ინდოევროპული ენებისა და ვედური რელიგიის გავრცელებას უკავშირდება. 

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, თავისუფალ წვდომაში დაიდო კვლევაში გამოყენებული სამივე პალეოგენომი, რამაც ენთუზიასტ გენეტიკოსებს მათი დამატებითი შესწავლის და სხვადასხვა გენეტიკურ პროგრამაში გამოყენების საშუალება მისცა. მართლაც, როგორც ეს სტატიაშია აღნიშნული, ორი უძველესი კავკასიელი ყველაზე მეტად თანამედროვე ქართველებს და აფხაზებს ენათესავება. CHG კომპონენტის სიხშირეც მაქსიმუმს ჩვენში აღწევს (სხვადასხვა გამოთვლების თანახმად 50-70% ფარგლებში).

111

აღსანიშნავია, რომ საწურბლიას მღვიმის ადამიანის გენომის სიღრმისეული ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ იგი Y-დნმ ჰაპლოჯგუფ J1-F4306-ს მიეკუთვნებოდა, რომელიც ჩვენს რეგიონში მცხოვრებ თანამედროვე პოპულაციებში არ ფიქსირდება. რაც შეეხება მეორე, კოტიას კლდის მღვიმის ადამიანს, იგი ჰაპლოჯგუფ J2a-SK1321-ის მატარებელი იყო, რომელიც დღესაც გავრცელებულია საქართველოში, ისევე როგორც ორივე მათგანის მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები.

kk

ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართველები როგორც მინიმუმ 13 000 წლის წინ, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანების შთამომავლები არიან, რათქმაუნდა, ისინი არ იყვნენ ჩვენი ერთადერთი წინაპრები. ქართველებში კავკასიური კომპონენტის მაქსიმალური სიხშირის მიუხედავად, იგი მაინც არ შეადგენს 100%. ისტორიის განმავლობაში, ჩვენს ეთნოგენეზში სხვა წინაპრული პოპულაციებიც იღებდნენ მონაწილეობას. მათ შესახებ იმედია ჩვენი რეგიონის პალეოდნმ-ის ახალი კვლევებიდან შევიტყობთ.

კომენტარი არ არის

    Leave a Reply