ჰაპლოჯგუფი J1-M267

J1 ახლო აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ჰაპლოჯგუფია, რომელიც დაახლოებით 31 400 წლის წინ გაჩნდა ძირეული ჰაპლოჯგუფი J-დან გამოყოფის შედეგად, ხოლო მისი დღევანდელი წარმომადგენლების ასაკი საერთო წინაპრამდე დაახლოებით 18 600 წელს შეადგენს. J1 წარმოშობის ადგილი დიდი ხნის განმავლობაში სადაო საკითხს წარმოადგენდა. ვინაიდან დღეისთვის, J1 ყველაზე მაღალ სიხშირეს არაბეთის ნახევარკუნძულზე აღწევს, გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ იგი ამ რეგიონში წარმოიშვა. ხშირად შეიძლება შევხვდეთ მოსაზრებას, რომ J1 სემიტური (არაბული/ებრაული) ჰაპლოჯგუფია. თუმცაღა, უკანასკნელი წლების კვლევებმა ცხადყვეს, რომ აღნიშნული მოსაზრება მცდარია.

J1-ის სიხშირის რუკა Eupedia-სგან

2008 წელს გამოქვეყნებული კვლევაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გავრცელებული J1-ის STR ჰაპლოტიპების შედარებითი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ არაბებში არსებული J1 ტიპების გავრცელების ასაკი შედარებით ახალგაზრდაა (~9 000 – 2 000 წლის), ხოლო ანატოლიური (თანამედროვე თურქეთის ტერიტორიიდან) – უფრო ძველი (~ 15 000 წლის). არსებული ჰიპოთეზის თანახმად, J1 ჩრდილოეთიდან, ანატოლიის ტერიტორიიდან გავრცელდა სამხრეთის მიმართულებით. მიჩნეულია, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლებმა რეგიონში მეცხოველეობა გაავრცელეს, ხოლო სემიტური ენების გავრცელება უფრო მოგვიანებით, აფრიკის ტერიტორიიდან უნდა მომხდარიყო.
 
J1-ის სემიტური ქვეჯგუფების უმეტესობის მცირე ასაკს საერთო წინაპრამდე Y ქრომოსომის მაღალი დაფარვის სეკვენირების შედეგებიც ადასტურებს, რომლის ანალიზს, ინდივიდუალური მონაცემების საფუძველზე Family Tree DNA-ს ჰაპლოჯგუფ J1 პროექტის ადმინისტრაცია ახრციელებს.
 
იმის მიუხედავად, რომ პოპულაციების გენეტიკური ანალიზი ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს და საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნები ისტორიული პროცესების შესახებ, დღევანდელი გენეტიკური სურათი სრულად ვერ ასახავს წარსულს. ამისთვის, უმნიშვნელოვანესია პალეო-დნმ-ის, ანუ ძველი სამარხებიდან გამოყოფილი გენეტიკური მასალის ანალიზი, რაც დანამდვილებით გვაჩვენებს თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებოდა ესა თუ ის ისტორიული პოპულაცია. ამ მხრივ, J1 წარმომადგენლებს გაუმართლათ, ვინაიდან დღეისთვის ერთ-ერთი უძველესი გაშიფრული გენომის პატრონი სწორედ ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელი აღმოჩნდა. ჩვენთვის ეს ორმაგად საინტერესოა, ვიანაიდან საუბარია წყალტუბოს რ-ნში მდებარე საწურბლიას მღვიმეში აღმოჩენილი უძველესი, 13 200 წლის წინანდელ მონადირე-შემგროვებელზე.

საწურბლიას მღვიმე

უშუალოდ კვლევაში მისი ჰაპლოჯგუფი განსაზღვრულია როგორც ზოგადად J, თუმცა სპეციალისტების მიერ მისი იგრეკ-ქრომოსომის მონაცემების გაშიფვრის შედეგად დადგინდა, რომ იგი J1-ის ერთ-ერთ ქვეჯგუფს – J1-F4306-ს მიეკუთვნება.

ვინაიდან აუტოსომური მონაცემებით საწრუებლიელი ადამიანი 100% ე.წ. კაკვასიური კომპონენტის (CHG) მატარებელი გახლდათ (რომელიც თანამედროვე პოპულაციებიში ყველაზე მაღალ სიხშირეს ქართველებში და აფხაზებში აღწევს), შეიძლება ითქვას რომ ის არა ახლო წარსულში სხვა რეგიონიდან მიგრირებული ადამიანის, არამედ კავკასიის უძველესი ადგილობრივი მოსახლეობის შთამომავალი უნდა ყოფილიყო. იმის მიუხედავად, რომ გენეტიკურად (აუტოსომური მონაცემებით), საწურბლიელი ადამიანი თანამედროვე ქართველების და კავკასიელების ერთ-ერთი წინაპრთაგანია, მისმა ჰაპლოჯგუფმა ჩვენს რეგიონში დღემდე ვერ მოაღწია. დღეისთვის J1-ის ამ ქვეჯგუფის (F4306) დაღმავალი შტოების მხოლოდ 18 წარმომადგენელია ცნობილი, რომლებიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არიან მიმოფანტულები.

F4306-ს თანამედროვე წარმომადგენლები

გეოგრაფიულად ჩვენს რეგიონთან ყველაზე ახლოს ერზრუმელი თურქია, თუმცა მისი ქვეჯგუფი საწურბლიელის პარალელურია. შესაძლოა უძველესი კავკასიელის პირდაპირი მამობრივი ხაზით შთამომავლობამ დღემდე ვერ მოაღწია, ან უბრალოდ ჯერ არ არის აღმოჩენილი.

F4306-ს დაღმავალი მუტაციების ხე ინდივიდუალური ტესტირების მონაცემებზე დაყრდნობით

არ არის გამორიცხული, რომ იგივე J1-F4306-ს, ან J1 რომელიმე სხვა ქვეჯგუფს მიეკუთვნებოდეს 7500 წლის წინანდელი ადამიანი კარელიიდან (თანამედროვე რუსეთის ჩრდილო-დასავლეთი). ვინაიდან მისი ძვლებიდან ვერ მოხერხდა საკმარისი გენეტიკური მასალის გამოყოფა, დანამდვილებით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ იგი ჰაპლოჯგუფ J-ს მიეკუთვნებოდა, თუმცა მისი იგრეკ ქრომოსომის დამატებითი ანალიზის შედეგად, მას J1-ისთვის დამახასიათებელი რამდენიმე მუტაცია აღმოაჩნდა. შესაძლოა პალეოლითის და მეზოლითის პერიოდში J1 ბევრად ფართოდ იყო გავრცელებული ევრაზიის კონტინენტზე.

საწურბლიელი ადამიანის გარდა დღეისთვის J1 კიდევ ორი პალეო-დნმ შედეგი არის ცნობილი. საუბარია II-IV საუკუნის ალანებზე ჩრდილოეთ ოსეთის ქ. ბესლანიდან. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის არის დანამდვილებით ცნობილი, რომ მათი ჰაპლოჯგუფი J1 იყო, კონკრეტული ქვეჯგუფის დადგენა მხოლოდ მათი ჰაპლოტიპების გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი (თუ რათქმაუნდა ეს მონაცემები საკმაო დეტალიზაციის იქნება). თუკი ისინი J1-ის კავკასიისთვის დამახასიათებელ ქვეჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, შეიძლება ითქვას რომ საქმე ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაციასთან გვაქვს, რაც ისტორიული და არქეოლოგიური მასალებითაც დასტურდება.

ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ჰაპლოჯგუფს, J1–ს რამოდენიმე ძირითადი და მრავალი მცირე შტო გააჩნია, რომლებსაც, უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ისტორია ახასიათებთ. საწურბლიელი ადამიანის F4306-ზე უკვე ვისაუბრეთ, ქვემოთ შემოგთავაზებთ მოკლე ინფორმაციას ჩვენთვის საინტერესო სხვა ქვეჯგუფების შესახებ:

J1-ის დაღმავალი მუტაციების გამარტივებული ხე. სრული ვერსია იხილეთ აქ.

  1. J1-M365 – პირველად საქართველოში და თურქეთში იქნა აღმოჩენილი. იგი ძალიან დაბალი სიხშირით, მაგრამ ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. დღეისთვის ამ ხაზის წარმომადგენლები აღმოჩენილ იქნენ ჩრდილოეთ ირანში, ანატოლიაში, საქართველოში, პორტუგალიაში, პირენეების ნახევარკუნძულზე, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში.
 
  2. J1-L136 – ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავრცელებული შტო, რომელსაც მრავალი ქვეჯგუფი გააჩნია. აღნიშნული შტოს წარმოშობის ადგილად ზაგროსის/ტავროსის მთები მიიჩნევა, საიდანაც 9 – 10 000 წლის წინ იგი სამხრეთით, არაბეთის ნახევარკუნძულზე გავრცელდა. J1-L136–ის დაღმავალი მუტაციის (P58) ქვეჯგუფების უმეტესობა სემიტურია და ისინი ყველაზე მაღალი სიხშირით არაბულ, ებრაულ და სხვა სემიტურ ხალხებში გვხვდება, ხოლო სხვა რეგიონებში აღმოჩენილი J1-P58-ის დიდი ნაწილი აშკარად უკავშირდება მათ ექსპანსიას. საინტერესოა, რომ J1-P58-ში ცალკე გამოიყოფა ე.წ. «კოენების მოდალური ჰაპლოტიპი», რომელიც თანამედროვე კოენების (ებრაელი მღვდელთმსახურების, რომლებიც თავს ბიბლიური არონის შთამომავლებად თვლიან) 50% მეტს ახასიათებს.

  3. J1-Z1828 – J1-ის განსხვავებული შტოს შესახებ, რომელიც კავკასიისთვის დამახასიათებელ ცალკე მდოგმ ჯგუფს წარმოადგენს, დიდი ხანი იყო ცნობილი, თუმცა მისი განმსაზღვრელი და დაღმავალი მუტაციები 2011 წლის ბოლოს, ენთუზიასტი გენეტიკოსების მიერ იქნა აღმოჩენილი. Z1828-ის აღმოჩენამდე, ამ ჯგუფს გამოარჩევდნენ DYS388 მარკერის დაბალი ნიშნულით (<15), მაშინ როდესაც J1 ყველა სხვა შტოს უფრო მაღალი ნიშნული აქვს (>15). სამეცნიერო კვლევების მონაცემებით, J1-Z1828 ყველაზე მაღალი სიხშირე ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ დაღესტანის ხალხებშია დაფიქსირებული (ლეკები – 44%, ხუნძები – 59%, დარგუელები – 70%, ხაიდაყელები – 85%, კუბაჩელები – 99%) . უფრო დაბალი სიხშირით იგი გავრცელებულია ამიერკავკასიაში, ანატოლიაში, ჩრდილოეთ შუამდინარეთში და ევროპაში. Y ქრომოსომის მაღალი დაფარვის სეკვენირების შედეგების ანალიზის მიხედვით J1-Z1828-ის წარმომადგენლების ასაკი საერთო წინაპრამდე ~ 8 500 წელს შეადგენს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ სად გაჩნდა აღნიშნული ქვეჯგუფი და როგორ გავრცელდა რეგიონში. ერთ–ერთი კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ იგი 11 900 წლის წინ, ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოიშვა და აქედან გავრცელდა სამხრეთის მიმართულებით. თუმცა, უფრო ლოგიკური და დასაბუთებულია ვერსია, რომლის თანახმად J1-Z1828 ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის ტერიტორიაზე გაჩნდა, საიდანაც იგი ჩრდილოეთით გავრცელდა. J1-Z1828 გააჩნია ორი დაღმავალი შტო – Z1842 (რომელსაც კავკასიური და ანატოლიური J1 უმრავლესობა მიეკუთვნება) და BY69, (რომელიც ევროპაშია გავრცელებული). Z1842-ს ყველაზე მაღალი მრავალფეროვნება თანამედროვე სომხეთის მოსახლეობაშია, ხოლო ყველაზე მაღალი სიხშირე, როგორც უკვე აღინიშა, დაღესტანის ხალხებში და აგრეთვე ვაინახებშია (~25%). ქართველებში მისი სიხშირე დაახლოებით 5% შეადგენს და იგი ძირითადად დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება. საგულისხმოა, რომ Z1842-ს ძირითადი ქვეჯგუფის – CTS1460-ის დაღმავალი შტოების ასაკი დაახლოებით 4500-5000 წელია და ყველა მათგანის შემადგენლობა შერეულია. ამ შტოებს როგორც ამიერკავკასიის (ქართველები, სომხები) ისე ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები მიეკუთვნებიან. მათი ასაკი და გეოგრაფია კარგად ემთხვევა მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელებას, ასე რომ არ არის გამორიცხული CTS1460 წარმომადგენლები სწორედ ამ კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ყოფილიყვნენ.

მტკვარ-არაქსის კულტური გავრცელება (ღია ნაცრისფერი) და ურარტუს სახელმწიფო (შავი)

არსებობს აგრეთვე რიგი მკვლევარების მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ J1-Z1842 შესაძლოა ხურიტულ–ურარტულ ხალხებს უკავშირდებოდეს. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს როგორც J1-Z1842 გეოგრაფიული ლოკალიზაცია (აღმოსავლეთ ანატოლია, ჩრდილოეთ შუამდინარეთი, კავკასია), ასევე სტაროსტინ–დიაკონოვის ჰიპოთეზა ჩრდილო–აღმოსავლეთ კავკასიისა და ხურიტულ–ურარტული ენების ნათესაობის შესახებ. შესაძლოა, ძვ. წ. XIII საუკუნეში, ხურიტული სახელმწიფოების განადგურების შემდეგ, ამ ჰაპლოჯგუფის მატარებლების გარკვეული ნაწილი ნაწილი ჩრდილოეთისკენ გადასახლდა და დემოგრაფიული და გენეტიკური პროცესების შედეგად დომინანტი გახდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში.

საბოლოოდ ამ საკითხს წერტილს შესაბამისი პერიოდის პალეო-დნმ კვლევები დაუსვამს, რაც იმედია ახლო მომავალში მოხდება.

ჰაპლოჯგუფ J1-ის ცნობილი წარმომადგენლები:


 ჰაშემიტების დინასტია რომელიც მართავდა ჰიჯაზს (1916–1925), ერაყს (1921–1958) და იორდანიას (1921–დღემდე). ტრადიციის თანახმად, გვარის დამაარსებელი ჰაშიმ იბნ აბდ მანაფი, ისლამის დამაარსებლის, მუჰამედის დიდი ბაბუა იყო. იორდანიის სამეფო ოჯახის ორი წევრის ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ისნი L859 შტოს მიეკუთვნებიან, რომელიც არაბებისთვის არის დამახასიათებელი.

ყაჯარების დინასტია, რომელიც მართავდა ირანს 1785-1925 წლებში. ჩვენთვის ყველაზე ცნობილია დინასტიის დამაარსებელი, საქართველოს დამარბეველი აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი. გენეტიკური ტესტირება დინასტიის მეორე შაჰის, ფათჰ ალის შვილების შთამომავლებს ჩაუტარდა. ისინი კავკასიისა და ანატოლიისთვის დამახასიათებელ Z1828 ქვეჯგუფს მიეკუთვნებიან.

მამიკონიანების დინასტია, რომელიც ადრინდელი შუა საუკუნეების სომხეთის ერთ-ერთი უძლიერესი ფეოდალური გვარი იყო. მამიკონიანები ფლობდნენ ვრცელ ტერიტორიას ტაოსა და ტარონში. სომხური დნმ პროექტის ფარგლებში გატესტილია თუმანიანების გვარის დამაარსებლის, თუმან მამიკონიანის შთამომავალი, რომელსაც J1-L147, სემიტური ხალხებისთვის დამახასიათებელი ქვეჯგუფი აღმოაჩნდა.

ქართული გვარები, რომლებიც J1 მიეკუთვნებიან

(მონაცემები ეყრდნობა გვარის ცალკეული წარმომადგენლების ინდივიდუალური ტესტირების შედეგებს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს გვარის სხვა წარმომადგენლების ჰაპლოჯგუფს)

  • ანდრონიკაშვილი
  • არდოტელი
  • ბიბილური
  • გავაშელიშვილი
  • გოგიტიძე (გურია)
  • გოლეთიანი
  • დაშნიანი
  • დიასამიძე
  • ზვიადაური
  • თებიძე
  • კოპალიანი
  • მარგალიტაძე
  • ორბელიანი
  • სიხარულიძე
  • სოლომონია
  • ძოწენიძე