ჰაპლოჯგუფი G2a

ჰაპლოჯგუფი G2a ერთ-ერთი დომინანტი ჰაპლოჯგუფია საქართველოსა და კავკასიაში. მისი ასაკი დაახლოებით 20 000 წელს შეადგენს.
   
ზოგადად ჰაპლოჯგუფ G-ს წარმოშობის ადგილის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის ავტორები, ამ ჰაპლოჯგუფის 1 500-მდე წარმომადგენლის მონაცემების ანალიზის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ იგი აღმოსავლეთ ანატოლიის, თანამედროვე სომხეთის ან დასავლეთ ირანის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაჩენილიყო. ქართველი ავტორები, 2014 წლის კვლევაში ამტკიცებენ, რომ მაღალი სიხშირის, მრავალფეროვნების და ეკოლოგიურ-გეოგრაფიული მიზეზების გამო, იგი პალეოლითში, დასავლეთ კავკასიაში უნდა გაჩენილიყო. იმის გამო, რომ დღეისთვის ცნობილი ნეოლითის პერიოდის მიწათმოქმედების პალეო-დნმ ანალიზების თანახმად, მათი უმეტესობა ჰაპლოჯგუფ G2a-ს მატარებელი იყო, რიგი მკვლევარები მისი წარმოშობის ადგილს უფრო სამხრეთით, ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორიაზე მოიაზრებენ, საიდანაც მოხდა მიწათმოქმედების გავრცელება.

ჰაპლოჯგუფ G-ს (მისი ქვეჯგუფების) სიხშირის რუკა 2011 წლის კვლევიდან

დღეისთვის 50-ზე მეტი პალეო-დნმ-ის მონაცემია ცნობილი, რომელიც ჰაპლოჯგუფ G2a-ს მიეკუთვნება. ამათგან ყველაზე ადრინდელი – 6500-6200 წლის წინანდელი მიწათმოქმედები არიან თანამედროვე თურქეთის ჩრდილო-დასავლეთიდან. უფრო გვიანდელი ნიმუშებია ევროპის ტერიტორიიდან (5600 – 3000 წლის წინანდელი მიწათმოქმედები უნგრეთიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან). აღსანიშავია, რომ ანატოლიისა და ევროპის ძველი G2a-ს წარმომადგენლები ენათესავებოდნენ ერთმანეთს როგორც მამობრივი ხაზით, ისე აუტოსომურად. ჩვენი რეგიონის დღევანდელ მოსახლეობასთან პირდაპირი კავშირი/ნათესაობა არ იკვეთება. ამ ადამიანების პირდაპირი მამობრივი ხაზის შთამომევლები დღესაც ცხოვრობენ ევროპის ტერიტორიაზე, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა, რაც ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ინდოევროპული ტომების მიგრაციებით და მათ მიერ მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩანაცვლებით უნდა იყოს გამოწვეული.

საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მონაცემების თანახმად, ჰაპლოჯგუფ G2a-ს სიხშირე 30-40% ფარგლებში მერყეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყველას საერთო ისტორია აქვთ. G2a-ს მრავალი ქვეჯგუფი და განშტოება გააჩნია, რომლებსაც უმეტესწილად ერთმანეთისგან განსხვავებული გავრცელების არეალი და ისტორია ახასიათებთ. ქვემოთ შევჩერდებით იმ ძირითად ქვეჯგუფებზე, რომლებიც საქართველოში და კავკასიაშია გავრცელებული.   

G2a-ს დაღმავალი მუტაციების გამარტივებული ხე. სრული ვერსია იხილეთ აქ. ვინაიდან ხე ძირითადად ეყრდნობა Y ქრომოსომის მაღალი დაფარვის სეკვენირების შედეგებს, რაც მხოლოდ 3 ქართველ G2a-ს აქვს ჩატარებული, იგი სრულად არ ასახავს ქართველების გადანაწილებას სხვადასხვა ქვეჯგუფებში

კავკასიაში არსებული G2a-ს უმეტესობა წარმოდგენილია ორი დიდი ქვეჯგუფით, რომლებსაც ერთმანეთისგან დაახლოებით 18 000 წელი აშორებს. ესენია G-L293 და G-U1.

G-L293-ს დღეისთვის ცნობილი წარმომადგენლების უმეტესობა კავკასიაშია კონცენტრირებული.   

G-L293-ს სიხშირის რუკა 2012 წლის კვლევიდან

საინტერესოა მისი გავრცელების გეოგრაფია – ეს ქვეჯგუფი მაქსიმალურ სიხშირეს სვანებში (~75%), ოსებში (~67%) და ყარაჩაი-ბალყარელებში (~23%) აღწევს. საქართველოს მასშტაბით, სვანეთის გარდა იგი უფრო დაბალი სიხშირით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება (G2a მთლიანი რაოდენობის ~35%), თუმცა ძირითადად მაინც დასავლეთშია კონცენტრირებული. მსოფლიო მასშტაბით კი, ერთეული წარმომადგენლები მიმოფანტულნი არიან როგორც ევროპაში, ისე ახლო აღმოსავლეთში და აღმოსავლეთ აზიაშიც კი.

G-L293-ს ასაკი დაახლოებით 9 000 წელს შეადგენს, თუმცა მისი თანამედროვე წარმომადგენლების შტოების ასაკი უფრო ახალგაზრდა, დაახლოებით 5-3 000 ათასი წლის არის. G-L293-ს ოსი წარმომადგენლების უმეტესობა ძალიან ახალგაზრდა, ე.წ. „ოს-ბაღათარის“ შტოს მიეკუთვნება, რომლის ასაკი დაახლოებით 1400 წელს შეადგენს. G-L293-ს ქართველი წარმომადგენლები კი რამდენიმე ქვეჯგუფში არიან გადანაწილებული, რომელთა ასაკი რამდენიმე ათას წელს შეადგენს.

არსებული სურათი გვკარნახობს, რომ G-L293 ადგილობრივი, კავკასიური ქვეჯგუფი უნდა იყოს, რომლის ნაწილის ენობრივი და კულტურული ასიმილაცია ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა ალანებმა (ოსების შემთხვევაში) და თურქულენოვანმა მომთაბარეებმა (ყარაჩაი-ბალყარელების შემთხვევაში) მოახდინეს. ამის მიუხედავად, უკანასკნელ წლებში, ოსური სამეცნიერო თუ სამოყვარულო წრეები აქტიურად ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ G-L293 სკვითურ-სარმატულ-ალანური ჰაპლოჯგუფია და რომ ეს ქვეჯგუფი საქართველოში სწორედ მათი შემოტანილია. აქტიურად მიმდინარეობს სამარხების გენეტიკური ტესტირება, რის შედეგადაც, ადრეული შუა საუკუნეების ალანურ სამარხებში მართლაც აღმოჩნდა რამდენიმე G2a-ს მატარებელი. თუმცა, მათი დნმ-ის სიღრმისეული ანალიზი არ ჩატარებულა, შესაბამისად უცნობია ამ დიდი ჰაპლოჯგუფის რომელ ქვეჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ჰაპლოჯგუფი G-L293 იყო, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საქმე ასიმილირებულ ადგილობრივებთან გვაქვს. მითუმეტეს, რომ პალეოდნმ-ის ანალიზების თანახმად, სკვითები ჰაპლოჯგუფ R1a-ს მატარებლები იყვნენ.

მსგავს სპეკულაციებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამარხების გენეტიკური კვლევები და G-L293-ს ქართველი წარმომადგენლების იგრეკ ქრომოსომის სიღრმისეული კვლევები დაუსვამდა წერტილს, მაგრამ სამწუხაროდ, ამითი არავინ არის დაინტერესებული.

G-U1 G2a-ს ერთერთი უმსხვილესი ქვეჯგუფია, რომელსაც მრავალი განსხვავებული შტო გააჩნია. იგი გავრცელებულია როგორც კავკასიაში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. მისი საერთო ასაკი ~11 000 წელს შეადგენს.  

G-U1-ს სიხშირის რუკა 2012 წლის კვლევიდან

ჩვენს რეგიონში იგი მაქსიმალურ სიხშირეს დასავლეთ კავკასიაში, ადიღეურ ხალხებში აღწევს – შაფსუღებში 86%, ადიღეელებში 40%, ჩერქეზებში 37%, აფხაზებში 23%. ქართველებში მისი სიხშირე დაახლოებით 15% აღწევს და იგი გავრცელებულია როგორც ქვეყნის დასავლეთში, აგრეთვე ცენტრალურ ნაწილში. დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებშიც იგი ~18% აღწევს.

სამწუხაროდ, სამეცნიერო კვლევებში გამოქვეყნებული მონაცემები ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელების შესახებ არ არის საკმარისი დეტალიზაციის რომ მოხდეს ჩვენს ხელთ არსებულ ქართველების მონაცემებთან სრულყოფილი შედარება, ხოლო ინდივიდუალური (კომერციული) ტესტირების სულ რამდენიმე შედეგია ცნობილი, ამიტომ რთულია დანამდვილებით დადგინდეს, როგორია მათ შორის ურთიერთკავშირები. მაგრამ სავარაუდოდ, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელები და ქართველები G-U1-ს განსხვავებულ ქვეჯგუფებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც საერთო წინაპრამდე რამდენიმე ათასი წელი აშორებს. საინტერესოა ამ ქვეჯგუფის კონცენტრაცია შიდა ქართლის რეგიონში. კერძოდ, G-U1-ს მიეკუთვნებიან ქსნისა და არაგვის ერისთავები, შაბურიშვილები, აგრეთვე რეგიონის სხვა რამდენიმე გვარის წარმომადგენელი. სავარაუდოდ, მათი წინაპრების მიგრაცია ისტორიულ პერიოდში, დასავლეთიდან უნდა მომხდარიყო.

G2a-ს ამ ორი ძირითადი ქვეჯგუფის გარდა, ქართველებში გვხდება სხვა ქვეჯგუფების ერთეული შემთხვევებიც. საინტერესოა, რომ ინდივიდუალური ტესტირების შედეგად, საქართველოში დაფიქსირდა G-PF3146 ქვეჯგუფის ორი შემთხვევა. სწრედ ამ ქვეჯგუფის რამდენიმე შტოს მიეკუთვნებოდნენ ნეოლითის პერიოდის მიწათმოქმედები და იგი დღესაც გვხვდება დაბალი სიხშირით ძირითადად დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში – ინგლისში, კორსიკასა და სარდინიაში. ჩვენს რეგიონში, ამ ქვეჯგუფის 10-მდე სომეხი წარმომადგენელიც არის ცნობილი. G-PF3146-ს ერთ-ერთ ქვეჯგუფს, G-L91-ს ცნობილი «ყინულის კაცი» ეტცი მიეკუთვნებოდა, რომლის 3 300 წლის მუმია ალპებში აღმოაჩინეს.  

ეტცის გარეგნობის რეკონსტრუქცია

ჰაპლოჯგუფ G2a-ის ცნობილი წარმომადგენლები:

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი — საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩოლოყაშვილების საგვარეულოს წარმომადგენლების ტესტირების შედეგად, მათ ჰაპლოჯგუფი G-U1 დაუდგინდათ. აღსანიშნავია, რომ ისტორიული წყაროების თანახმად, ჩოლოყაშვილები და მაყაშვილები ერთი გვარიდან (ირუბაქიძეებიდან) მოდიან. მას შემდეგ, რაც ორივე გვარის წარმომადგენელმა Y დნმ–ის ტესტი ჩაიტარა, აღმოჩნდა, რომ მათ არამხოლოდ ერთი ჰაპლოჯგუფი აქვთ, არამედ ჰაპლოტიპებიც თითქმის იდენტურია, რაც ისტორიული გადმოცემის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს.

რიჩარდ III — ინგლისის მეფე 1483 წლიდან, იორკების დინასტიის (პლანტაგენეტების სამეფო სახლის ერთ-ერთი შტო) უკანასკნელი წარმომადგენელი. ედუარდ IV-ის უმცროსი ძმა. 2012 წელს, ბრიტანელმა არქეოლოგებმა რიჩარდ III-ის სავარაუდო სამარხი აღმოაჩინეს. ძვლებს გენეტიკური ანალიზი ჩაუტარდათ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მისი მიტოქონდრიული (პირდაპირი დედის ხაზის) ჰაპლოჯგუფი (J1c2c) ემთხვევა რიჩარდის უფროსი დის, ანას შთამომავლების ჰაპლოჯგუფს. 2014 წელს, მის ძვლებს იგრეკ-დნმ ტესტირებაც ჩაუტარდა, რის შედეგადაც მას ჰაპლოჯგუფი G2 დაუდგინდა. ამასთან ეს მონაცემი არ დაემთხვა რიჩარდის წინაპრის, ედვარდ III შთამომავლების შედეგებს, რომლებიც ჰაპლოჯგუფ R1b-ს მიეკუთვნებიან.

იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი). სტალინის რამდენიმე შვილიშვილის, მათ შორის ალექსანდრე ბურდონსკის (ვასილის ძის) ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ იგი ჰაპლოჯგუფ G-L293-ის ტიპიურად ოსურ, ე.წ. ოს-ბაღათარის შტოს მიეკუთვნებოდა, რაც ადასტურებს არსებულ ეჭვებს, რომ სტალინის წინაპრები მამის ხაზით გაქართველებული ოსები იყვნენ.

თემურ ქეცბაია — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1990-იან წლებში საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშე. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2010-2014 წლებში. „აპოელის“ მწვრთნელი 2015 წლიდან. თემურ ქეცბაიების ნათესავს, ინდივიდუალური ტესტირების შედეგად დაუდგინდა G-M406 ჰაპლოჯგუფი.

ქართული გვარები, რომლებიც G2a მიეკუთვნებიან

(მონაცემები ეყრდნობა გვარის ცალკეული წარმომადგენლების ინდივიდუალური ტესტირების შედეგებს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს გვარის სხვა წარმომადგენლების ჰაპლოჯგუფს)

  • აბაშიძე
  • აბესაძე
  • აბუსერიძე
  • ავალიანი
  • ანანიაშვილი
  • ანჩაბაძე
  • ბასილია
  • ბარათაშვილი
  • ბაღვაში-ორბელი
  • ბერაძე
  • ბერიძე
  • ბუზალაძე
  • ბუკურაული
  • გაბაძე
  • გალდავაძე
  • გელოვანი
  • გიორგობიანი
  • გირგვლიანი
  • გვიჩიანი
  • გუგუჩია
  • გუჯეჯიანი
  • გულორდავა
  • დადიანი
  • დადეშქელიანი
  • დავითაძე
  • დეკანოიძე
  • დვალი
  • დოლიძე
  • ელბაქიძე
  • ელიზბარაშვილი
  • ერისთავი არაგვის
  • ერისთავი ქსნის
  • ვაწაძე
  • ვარსიმაშვილი
  • ზუბაშვილი
  • ზურაბიანი
  • ზურებიანი
  • თავდგირიძე
  • თარხნიშვილი
  • თევზაძე
  • თვალჭრელიძე
  • ინასარიძე
  • იოსელიანი
  • კაკაბაძე
  • კალატოზიშვილი
  • კასრაძე
  • კარბელაშვილი
  • კაპანაძე
  • კევლიშვილი
  • კემულარია
  • კერვალიშვილი
  • კვანტალიანი
  • კვანჭიანი
  • კვარაცხელია
  • კვახაძე
  • კვიციანი
  • კოჭლამაზაშვილი
  • ლომაძე
  • მამისაშვილი
  • მახალდიანი
  • მაღრაძე
  • მაჭავარიანი
  • მაყაშვილი
  • მენაბდიშვილი
  • მეტრეველი
  • მიქაძე
  • მთავრიშვილი
  • მოშიაშვილი (ქართველი ებრაელი)
  • მუსხელიშვილი
  • ნავერიანი
  • ნაჭყებია
  • ნიკოლაშვილი
  • ონიანი
  • ოშხრელი
  • პირველი
  • ჟვანია
  • რაჯებაშვილი
  • რობაქიძე
  • რუხაძე
  • სანაია
  • საღლიანი
  • სვანიძე
  • სირბილაძე
  • სიჭინავა
  • სუბელიანი
  • სუხიტაშვილი
  • ტაბიძე
  • ფალიანი
  • ფირცხალაიშვილი
  • ფირცხელიანი
  • ქალდანი
  • ქარბაია
  • ქეცბა(ია)
  • ქიტოშვილი
  • ღვაჩლიანი
  • ყიფიანი
  • შაბურიშვილი
  • შანშიაშივილი
  • ჩამგელიანი
  • ჩაფიძე
  • ჩერქეზიშვილი
  • ჩიქობავა
  • ჩოლოყაშვილი
  • ჩოფლიანი
  • ჩუხუა
  • ციციშვილი
  • ძებისაშვილი
  • ჭედია
  • ჭკადუა
  • ჭრელაშვილი
  • წივწივაძე
  • წითელაშვილი
  • წიფურია
  • წულუკიანი
  • ხარჩილავა
  • ხინტბა(ია)
  • ხურცია
  • ჯაფარიძე
  • ჯორჯაძე
  • ჯოხაძე
  • ჯუღაშვილი
  • ხიმშიაშვილი