მსოფლიო რელიგიების უმრავლესობა საუბრობს იმაზე, რომ მთელი კაცობრიობა ორი ადამიანისგან წარმოიშვა. გენეტიკის მეშვეობით, აღნიშნული მოსაზრება გარკვეულწილად დასტურდება. მართლაც, დღეს მცხოვრები ყველა ადამიანი, პირდაპირი მამობრივი (Y-DNA) და დედობრივი (mtDNA) ხაზების მიხედვით ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის შთამომავალია, რომლებსაც მეცნიერები პირობითად Y–ქრომოსომულ ადამსა და მიტოქონდრიალურ ევას უწოდებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ამ ორ ნიშანზე (Y-DNA და mtDNA). ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ორი ადამიანის გარდა, მათი არსებობის პერიოდში სხვები არ არსებობდენენ, უბრალოდ სწორედ მათი შთამომავლები აღმოჩნდნენ ყველაზე სიცოცხლისუნარიანები, ხოლო სხვების შთამომავლებმა დღემდე ვერ მოაღწიეს. ათასწლეულების მანძილზე, ადამიანების პირველადი ჯგუფის გამრავლებასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებასთან ერთად, როგორც Y, ასევე მიტოქონდრიულ დნმ–ში ჩნდებოდა ახალი მუტაციები, რომლებიც განასხვავებდნენ ამა თუ იმ ჯგუფს წინამორბედისგან. დღეისათვის, გამოყოფილია მამობრივი ხაზის 20 და დედობრივი ხაზის 29 ძირითადი ჯგუფი, რომლებსაც «ჰაპლოჯგუფები» ეწოდება და რომელთა აღსანიშნავად ლათინური ასოები გამოიყნება.

ძირითადი ჰაპლოჯგუფები კიდევ იყოფება ქვეჯგუფებად. მაგალითად, Y–ჰაპლოჯგუფი J ორ დიდ ქვეჯგუფად იყოფა – J1 და J2. ორივე მათგანს კიდევ გააჩნია ქვეჯგუფები, მაგ. J1a, J1b, J2a, J2b და ა.შ.

ყველა თანამედროვე ერში რამოდენიმე ჰაპლოჯგუფია გავრცელებული. ძირეული ჰაპლოჯგუფის რომელიმე კონკრეტულ ხალხთან «მიბმა» არ შეიძლება (იშვიათი გამონაკლისების გარდა), ვინაიდან ამ მუტაციების უმეტესობა მრავალი ათასი წლის წინ გაჩნდა, როდესაც არც ერთი თანამედროვე ეთნოსი ჯერ არ არსებობდა. თუმცა, შესაძლებელია მათი წარმოშობის და გავრცელების არეალის განსაზღვრა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ისტორიული პროცესების შესასწავლად.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ იგრეკ ქრომოსომას არანაირი ზეგავლენა არ გააჩნია ადამიანის გარეგნობაზე ან სხვა ფიზიკურ თუ გონებრივ თვისებებზე. ზოგადად, სქესის განსაზღვრის გარდა მას სხვა არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. მაგრამ, ვინაიდან მასზე გარკვეული პერიოდულობით ხდება მუტაციები, იგი კარგი ინსტრუმენტია წარმომავლობის და ასაკის დადგენისთვის. დაახლოებით, როგორც ხის წლიური რგოლები ან ნაკვალევი.

გარდა უძველესი წარმომავლობისა, Y და მიტოქონდრიული დნმ–ის მეშვეობით შესაძლებელია გენეალოგიური კავშირების დადგენაც. ყველა ადამიანს, ზოგადად ჰაპლოჯგუფის გარდა საკუთარი, უნიკალური ჰაპლოტიპი გააჩნია. ანალოგია რომ გამოვიყენოთ, ჰაპლოტიპი შეიძლება თქვენს ტელეფონის ნომერს შევადაროთ, რომელიც გეკუთვნით მხოლოდ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს. ჰაპლოჯგუფი კი ადამიანების გენეტიკური ხის ერთ–ერთი შტოა, რომელიც მოიცავს ჰაპლოტიპებს. ასე რომ, ანალოგიას რომ მივყვეთ, ჰაპლოჯგუფი შეიძლება რეგიონალურ სატელეფონო კოდს შევადაროთ. ყველას, ვინც თბილისში ცხოვრობს, ერთი, ფიქსირებული ქალაქის კოდი აერთიანებს, თუმცაღა, თითოეულის ნომერი განსხვავებულია.

იმის მიხედვით, თუ რამდენად ემთხვევა ერთმანეთს ორი ადამიანის ჰაპლოტიპი, ხდება ასაკის გამოთვლა საერთო წინაპრამდე. მაგალითისთვის, შეიძლება ქართული დნმ პროექტის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია მოვიყვანოთ. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ მაყაშვილები და ჩოლოყაშვილები ერთი გვარიდან (ირუბაქიძეებიდან) მოდიან. მას შემდეგ, რაც ამ გვარების ორმა წარმომადგენელმა Y დნმ–ის ტესტი გაიკეთა, აღმოჩნდა, რომ მათ არამხოლოდ ერთი ჰაპლოჯგუფი აქვთ, არამედ ჰაპლოტიპებიც თითქმის იდენტურია. გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ მათ საერთო წინაპარი მიახლოვებით 900 წლის წინ ჰყავდათ, რაც ემთხვევა ისტორიულ გადმოცემას.

ჩვენს საზოგადოებაში ხშირად შეიძლება წავაწყდეთ ორ საპირისპირო აზრს ქართველთა წარმოშობის შესახებ. ერთის მიხედვით, ქართველები უნიკალური, «ქართული გენის» და «სუფთა სისხლის» მატარებლები ვართ, რომელიც გამოგვარჩევს ყველა სხვა ერისგან. მეორე მოსაზრების მიხედვით, ქართველები «ნარევი» ერი ვართ. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და უამრავი შემოსევების გამო, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ქართველების გენოფონდში ყველა დამპყრობელმა საკუთარი კვალი დატოვა და ჩვენ სპარსელების, ბერძნების, რომაელების, არაბების, სომხების, ყივჩაღების და მონღოლების «ნარევი» ვართ.

არსებული გენეტიკური მონაცემების მიხედვით, ორივე მოსაზრება მცდარია, თუმცაღა სიმართლის მარცვლები ორივეში შეიძლება ვიპოვოთ. არ არსებობს ცნება «ქართული გენი» (ისევე როგორც «გერმანული გენი» ან «სომხური გენი»). თანამედროვე ქართველებში გავრცელებულია ჰაპლოჯგუფები, რომლებიც დამახასიათებელია ახლო აღმოსავლეთის და ანატოლიის რეგიონებისთვის.

ხშირად შეიძლება წავაწყდეთ მოსაზრებას, რომ ის ერები, რომლებსაც ერთი ჰაპლოჯგუფი აქვთ დომინანტი, უფრო „სუფთა“ და ნაკლებად შერეულები არიან. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი რამ მაღალმთიან და კუნძულოვან პოპულაციებს ახასიათებთ. თუმცა, ამას „სისხლის სისუფთავესთან“ არანაირი კავშირი არ აქვს და აღნიშნული მოვლენა ბიოლოგიური მექანიზმებით – დამაარსებლის ეფექტითა და გენთა დრეიფითაა გამოწვეული. როდესაც ხდება საწყისი პოპულაციის ნაწილის მიგრაცია ახალ, შედარებით იზოლირებულ ადგილას (როგორიცაა მაღალმთიანი რეგიონი, ან კუნძული), ამ ახალ, პატარა ჯგუფს ვერ ექნება მთლიანი პოპულაციისთვის დამახასიათებელი გენეტიკური ნიშნები (ჩვენს შემთხვევაში ჰაპლოჯგუფი), არამედ მხოლოდ რაღაც ნაწილი. მარტივი ილუსტრაცია რომ მოვიშველიოთ:  

ხოლო ახალ, იზოლაციის პირობებში, იწყებს მოქმედებას გენთა დრეიფის მექანიზმი, რა დროსაც, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით, ერთი გენეტიკური ნიშანი ხდება დომინანტი.

ჩვენი რეგიონი ამის შესანიშნავი მაგალითია. თითოეულ ჩრდილოკავკასიურ ერს ერთი ჰაპლოჯგუფი აქვს დომინანტი. ჩრდილო– დასავლეთ კავკასიელებს – G2a3b, ოსებს – G2a1a, ვაინახებს – J2a1b*, დაღესტნელებს – J1-Z1842. ამავდროულად, ყველა ეს ჰაპლოჯგუფი გვხვდება ამირეკავკასიასა და აღმოსავლეთ ანატოლიაში – დღევანდელი საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე. ეჭვგარეშეა, რომ მათი მიგრაცია სწორედ ამ რეგიონიდან მოხდა ჩრდილოეთით. დიდი ალბათობით, თავდაპირველად, ამ ახალ პოპულაციებში რამდენიმე ჰაპლოჯგუფი იყო გავრცელებული, თუმცაღა, ზემოაღნიშნული მექანიზმების გამო, დროთა განმავლობაში, მოხდა ერთის რიცხოვნულად დომინირება.

ქართველების გენეტიკურ ეთნოგენეზში რამოდენიმე განსხვავებულ ხაზი იღებდა მონაწილეობას, შესაბამისად ჩვენ ვერ ვისაუბრებთ «სუფთა ქართულ გენზე». თუმცაღა, ჩვენში გავრცელებული გენეტიკური ხაზების უმეტესობა ძველი და ჩვენი რეგიონისთვის ავტოქტონურია, რაც ათასწლეულების მანძილზე ქართველების გენეტიკის უწყვეტობაზე მიუთითებს.