უძველესი პალეოგენომები საქართველოდან

2015 წლის 16 ნოემბერს, ჟურნალში “Nature” გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „Upper Palaeolithic genomes reveal deep roots of modern Eurasians“. კვლევის ავტორებმა პირველად მოახდინეს კავკასიის უძველესი გენომების ანალიზი. საუბარია ~13 000 წლის წინანდელ მონადირე-შემგროვებელზე საწურბლიას მღვიმედან (წყალტუბოს რ-ნი) და ~9 500 წლის წინანდელ მონადირე-შემგროვებელზე კოტიას კლდის მღვიმედან (ჭიათურის რ-ნი). კვლევაში აგრეთვე განხილულია მესამე პალეოგენომი – ~13 500 წლის წინანდელი ადამიანი გროტ დუ ბიშონის მღვიმიდან (თანამედროვე შვეიცარია).
კავკასიისა და ლევანტის გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ავტორებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, ხომ არ ენათესავებიან CHG ადრეულ ნეოლითურ მიწათმოქმედებს ახლო აღმოსავლეთიდან. გამოთვლების თანახმად, CHG და EF ერთად დაჯგუფდნენ. საერთო წინაპრული პოპულაციის WHG და CHG+EF წინაპრულ ჯგუფად დაყოფა დაახლოებით 40-50 ათასი წლის წინ მოხდა, ხოლო CHG და EF განცალკევება დაახლოებით 20-30 ათასი წლის წინ მოხდა.
აქვე, ავტორები აღნიშნავენ, რომ WHG-სგან განსხვავებით და EF-ის მსგავსად, CHG-ს გააჩნდათ მუტაცია SLC24A5 გენში, რომელიც განაპირობებს ღია ფერის კანს. შესაბამისად, ღია ფერის კანი, რომელიც ფართოდ გავრცელდა ევრაზიის ტერიტორიაზე ნეოლითის პერიოდში, სავარაუდოდ უკანასკნელ ყინულოვან მაქსიმუმამდე გაჩნდა (20-30 ათასი წლის წინ).
CHG-ს გენომები ჰომოზიგოტურობაზეც შეამოწმეს, რაც წარსულში პოპულაციის რიცხოვნობის შესახებ იძლევა ინფორმაციას. კავკასიელებში ჰომოზიგოტურობის მაღალი სიხშირე აღმოჩნდა, ხოლო საწურბლიას მღვიმის ადამიანს გენომში სისხლის აღრევის ნიშნებიც კი დაფიქსირდა, რაც უკანასკნელი ყინულოვანი მაქსიმუმის პერიოდში პოპულაციის სიმცირის მიმანიშნებელია.
ავტორების გასაკვირად, CHG გენეტიკური კვალი უფრო მეტად გამოხატული აღმოჩნდა თანამედროვე ჩრდილოეთ ევროპელებში, ვიდრე სამხრეთ ევროპელებში, იმის მიუხედავად, რომ იგი EF-თან (რომელიც მეტ სიახლოვეს იჩენს სამხრეთ ევროპის პოპულაციებთან) უფრო ახლოს არის, ვიდრე WHG-სთან (რომელიც ახლოს არის ჩრდილოეთ ევროპელებთან). ავტორები აღნიშნულ ფაქტს დასავლეთ ევროპაში CHG-ს კომპონენტის ადრეული ნეოლითის შემდგომი გავრცელებით ხსნიან.
ცნობილია, რომ ადრეული ბრინჯაოს ხანის პერიოდში კავკასია სტეპთან კონტაქტობდა, განსაკუთრებით – მაიკოპის კულტურის მეშვეობით, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულის პირველ ნახევარში გაჩნდა. კვლევის ავტორების აზრით, სწორედ მაიკოპის კულტურის წარმომადგენლებმა გადასცეს CHG კომპონენტი სტეპის ხალხებს, რომლებმაც იგი შემდგომ ევრაზიაში გაავრცელეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, თავისუფალ წვდომაში დაიდო კვლევაში გამოყენებული სამივე პალეოგენომი, რამაც ენთუზიასტ გენეტიკოსებს მათი დამატებითი შესწავლის და სხვადასხვა გენეტიკურ პროგრამაში გამოყენების საშუალება მისცა. მართლაც, როგორც ეს სტატიაშია აღნიშნული, ორი უძველესი კავკასიელი ყველაზე მეტად თანამედროვე ქართველებს და აფხაზებს ენათესავება. CHG კომპონენტის სიხშირეც მაქსიმუმს ჩვენში აღწევს (სხვადასხვა გამოთვლების თანახმად 50-70% ფარგლებში).
აღსანიშნავია, რომ საწურბლიას მღვიმის ადამიანის გენომის სიღრმისეული ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ იგი Y-დნმ ჰაპლოჯგუფ J1-F4306-ს მიეკუთვნებოდა, რომელიც ჩვენს რეგიონში მცხოვრებ თანამედროვე პოპულაციებში არ ფიქსირდება. რაც შეეხება მეორე, კოტიას კლდის მღვიმის ადამიანს, იგი ჰაპლოჯგუფ J2a-SK1321-ის მატარებელი იყო, რომელიც დღესაც გავრცელებულია საქართველოში, ისევე როგორც ორივე მათგანის მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები.
ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართველები როგორც მინიმუმ 13 000 წლის წინ, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანების შთამომავლები არიან, რათქმაუნდა, ისინი არ იყვნენ ჩვენი ერთადერთი წინაპრები. ქართველებში კავკასიური კომპონენტის მაქსიმალური სიხშირის მიუხედავად, იგი მაინც არ შეადგენს 100%. ისტორიის განმავლობაში, ჩვენს ეთნოგენეზში სხვა წინაპრული პოპულაციებიც იღებდნენ მონაწილეობას. მათ შესახებ იმედია ჩვენი რეგიონის პალეოდნმ-ის ახალი კვლევებიდან შევიტყობთ.
კომენტარი არ არის