Gold mask of Tutankhamun and 'virtual autopsy'

უკანასკნელ პერიოდში, ქართული მედიის თუ ინტერნეტ ფორუმების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი, ტუტანხამონი კავკასიური წარმოშობის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი დადასტურდა დნმ კვლევის შედეგად, რომელიც „შვეიცარელმა მეცნიერებმა“ ჩაატარეს. კეთდება შორსმიმავალი დასკვნები, ფარაონის ქართველობის, ძველი ეგვიპტის ე.წ. „იბერიულ ცივილიზაციისადმი“ კუთვნილების შესახებ. რა დგას რეალურად ამ ინფორმაციის უკან და რომელ ცნობებს ეყრდნობიან ჟურნალისტები?

ტუტანხამონის მუმიის გენეტიკური კვლევა, რომლის შედეგები 2010 წლის 17 თებერვალს, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის მიერ იქნა ჩატარებული, რომელსაც ეგვიპტის სიძველეების საკითხების უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი, ცნობილი არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი, ზაჰი ჰავასი ხელმძღვანელობდა. ტუტანხამონის გარდა, გენეტიკური კვლევა კიდევ 15 მუმიას ჩაუტარდა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა 16 მუმიას შორის ნათესაური კავშირების დადგენა და იმ დაავადებებისა და პათოლოგიების გამოვლენა, რომლებმაც შესაძლოა მათი სიკვდილი გამოიწვია. კვლევაში საერთოდ არ არის ნახსენები ტუტანხამონის ან სხვა მუმიების გენეტიკური წარმომავლობა. ამაში დარწმუნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, კვლევა უფასოდ არის ხელმისაწვდომი ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის ვებ–გვერდზე. მაშ, საიდან გავრცელდა ინფორმაცია ტუტანხამონის წარმომავლობისა და მისი Y დნმ ჰაპლოჯგუფის შესახებ?

(მეტი…)