დემოგრაფიული აფეთქებები Y-DNA -ს მონაცემებზე დაყრდნობით

April 26, 2016
ng.3559-F2
სამეცნიერო ჟურნალში Nature Genetics გამოქვეყნდა სტატია სათაურით “Punctuated bursts in human male demography inferred from 1,244 worldwide Y-chromosome sequences”. სტატიის ავტორებმა 1 000 გენომის პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის 26 პოპულაციიდან შეგროვებული 1 244  ნიმუშის Y დნმ-ის ანალიზი ჩაატარეს. აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ტიპის 65 000-ზე მეტი მუტაცია. ერთ-ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმების (SNP) მონაცემების გამოყენებით შეიქმნა ფილოგენეტიკური ხე, რომელმაც სხვადასხვა დროსა და ადგილას, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მამაკაცების (მათი მამობრივი ხაზების) რაოდენობის და გავრცელების მკვეთრი ზრდის მომენტები აჩვენა, რაც დროში უკვე ცნობილ მიგრაციებს და  ტექნოლოგიურ ინოვაციებს ემთხვევა. იმის მიუხედავად, რომ კვლევის ფარგლებში ჩვენი რეგიონის პოპულაციები არ გატესტილა, მეცნიერების დასკვნები ჩვენთვისაც საინტერესოა.
კერძოდ, აფრიკის გარეთ პირველი მნიშვნელოვანი “აფეთქება“ (რა დროსაც მოხდა ახალი მუტაციების გაჩენა/ქვეჯგუფების ჩამოყალიბება)  ~50–55 ათასი წლის წინად მოხდა, რაც აფრიკიდან გამოსული პირველი ევრაზიული პოპულაციების კონტინენტზე განსახლებას და ერთმანეთისგან დაშორებას უნდა ასახავდეს.

ამერიკის კონტინენტზე ჰაპლოჯგუფ Q1a-M3-ის გავრცელების თარიღი ~15 000 წელი აღმოჩნდა, რაც დასავლეთ ნახევარსფეროს პირველადი კოლონიზაციის თარიღს ემთხვევა.

სუბსაჰარულ აფრიკაში, ~5 000 წლის წინ ჰაპლოჯგუფ E1b-M180-ის ქვეჯგუფების სწრაფი ზრდა სავარაუდოდ რეგიონში მეტალურგიის გავრცელებას უნდა უკავშირდებოდეს.

დასავლეთ ევროპაში, ~4 800–5 900 ათასი წლის წინ ფიქსირდება ჰაპლოჯგუფ R1b-L11-ის ქვეჯგუფების სწრაფი გავრცელება. ისტორიულად, 5 500 წლის წინ ბრინჯაოს ხანის იამნაიას კულტურა ჩნდება. ამ კულტურის წარმომადგენლების პალეო-დნმ ანალიზის მონაცემები ევრაზიის სტეპებიდან მასიურ მიგრაციაზე მიუთითებს, რომელმაც ევროპის ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩანაცვლება მოახდინა. თუმცა, იამნაიას კულტურის 6 გატესტილი წარმომადგენლიდან R1b-L11-ის არც-ერთი არ მიეკუთვნებოდა. ამასთან, 4 800 წლის წინანდელი პერიოდი აღმოსავლეთ ევროპაში საბრძოლო ცულების კულტურის, ხოლო დასავლეთ ევროპაში ზარისებრი თასების კულტურის გაჩენას უკავშირდება.

სამხრეთ აზიაში, ავტორების აზრით ყველაზე თვალსაჩინო მოვლენა  4 00-4 500 წლის წინ ჰაპლოჯგუფ R1a-Z93-ის გავრცელებას უკავშირდება. აღნიშნული პერიოდი ახლოს არის ინდის (ჰარაპის) ცივილიზაციის დაცემის პერიოდთან, რასაც, რიგი მკვლევარების აზრით ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, დასავლეთის სტეპებიდან ინდოევროპული ენის მატარებლების ისტორიული მიგრაცია მოჰყვა.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ძველი სამყაროსგან განსხვავებით, აღმოსავლეთ აზიაში მსგავსი უეცარი ბიძგები თითქმის არ ფიქსირდება, რაც შესაძლოა საწყისი პოპულაციის მრავალრიცხოვნებით ან მრავალი პრეისტორიული კულტურის თანაცხოვრებით იყო გამოწვეული, რა დროსაც ვერც ერთი წინაპრული ხაზი ვერ გახდა დომინანტი.

ამის გარდა, ნაშრომში კიდევ რამდენიმე საინტერესო მომენტია ასახული. მაგალითად, ავტორები ამტკიცებენ, რომ აფრიკის დომიანტი E ჰაპლოჯგუფი კონტინენტის გარეთ გაჩნდა და მოგვიანებით მოხდა მისი უკუმიგრაცია. წარმოდგენილი მოდელის თანახმად, უფრო დამაჯერებელია ერთი ჰაპლოჯგუფის კონტინენტური მიგრაცია (E-ს მიგრაცია აფრიკაში) ვიდრე სამის (D-ს, C-ს და F-ის მიგრაცია აფრიკიდან). გარდა ამისა, ავტორების მტკიცებით, აფრიკაში მისი დაბრუნებბის სავარუდო თარიღი (ჰაპლოჯგუფ E-ს გაჩენასა და 58 000 წლის წინ აფრიკაში მის დიფერენციაციამდე) ესადაგება აქამდე გამოთქმულ ვარაუდებს (რომლებიც არა Y-ქრომოსომულ გენეტიკურ მონაცემებს ეყრდნობა) 50-80 000 წლის წინ აფრიკასა და აზიის მიმდებარე რეგიონებს შორის გენეტიკური ნაკადების ურთიერთდინების შესახებ.

G David Poznik et al.,
Nature Genetics (2016), Published online 25 April 2016, doi:10.1038/ng.3559

კომენტარი არ არის

    Leave a Reply